logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, გაიკეთონ ბუსტერ-დოზა
- +

18 იანვარი. 2022. 17:48

 

 

„ნამდვილად, გლობალური გამოცდილება მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ შედარებით სწრაფად ვრცელდება, ასევე ახალგაზრდა ჯგუფებში ვრცელდება და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად, თუ პირი აცრილია“ - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, თუ ადამიანი არ არის ორჯერადად აცრილი ან აქვს ქრონიკული დაავადებები.

 

„იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვაქცინირებულია, „ომიკრონის“ შემთხვევები შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და „ომიკრონთან“ დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური შემთხვევები მაღალი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პირებში, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ჯერჯერობით აცრა არ ჩაუტარებიათ, მეტი სიფრთხილეა საჭირო“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მან ყურადღება ასევე ბუსტერ-დოზის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ შესაძლოა „ომიკრონის“ მართვაში პრობლემად მედპერსონალის ინფიცირება გახდეს.

 

„სამედიცინო პერსონალს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, გაიკეთონ ბუსტერ-დოზა, რადგან ერთ-ერთი რისკი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელიც შესაძლოა დადგეს, არის ის, რომ თუ დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი, რა თქმა უნდა, რთული იქნება იმ დიდ ნაკადებთან გამკლავება, რომელიც შესაძლოა „ომიკრონის“ შემთხვევაში დადგეს. ამდენად, სამედიცინო პერსონალის დაცვა დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner