„კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ“, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ნებისმიერი შემდგომი აგრესია მოსკოვს ძვირი დაუჯდება. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არცერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ორმხრივი მიდგომის ერთგულნი ვრჩებით: ძლიერი შეკავება და თავდაცვა დიალოგთან ერთად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატო მზად არის, რუსეთის შეშფოთებას მოუსმინოს, თუმცა ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა, როგორიცაა თითოეული სახელმწიფოს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს და ნატოს შესაძლებლობა ყველა მოკავშირე დაიცვას.
„ახლა მთავარი ამოცანა უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის აღკვეთაა. სწორედ ამიტომ ვუგზავნით ძალიან მკაფიო გზავნილს რუსეთს, რომ თუ ისინი კიდევ ერთხელ გადაწყვეტენ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ეს რუსეთს ძვირი დაუჯდება. ნატოს მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, როგორც ყველა სუვერენულ ქვეყანას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.