logo_geo
eng_logo
ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია - შეცდომას ნუ დაუშვებთ, „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს
- +

18 იანვარი. 2022. 23:28

 

 

„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს - გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის სტაბილური რჩება, თუმცა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ზემოქმედებით, რომელსაც „ომიკრონი“ ახდენს ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯანდაცვის გადატვირთულ სისტემებზე. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ უამრავ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ადამიანები უფრო დაუცველნი არიან მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე, თუ ისინი ვაქცინირებულნი არ არიან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია.

 

„შეცდომას ნუ დაუშვებთ. „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს. „ომიკრონის“ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მიღება. ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონით“ ინფიცირებისა და მისი გადაცემის პრევენციის კუთხით, მაგრამ მაინც გამორჩეულად კარგია სერიოზული დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner