„დიდ ბრიტანეთში 8 თვის წინ დაკარგული კატა ბარნაბი ოჯახში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პატრონმა მისი კნავილი სატელეფონო საუბრისას იცნო“, - ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეიჩელ ლოურენსი ესექსიდან ვეტერინარს თავისი მეორე კატის შესახებ ტელეფონით ესაუბრებოდა, როდესაც ყურმილში კატის კნავილი გაიგო. მან ის ბარნაბის ხმას მიამსგავსა. ვეტერინარმა უთხრა, რომ კლინიკაში მიუსაფარი კატა იყო მიყვანილი.
თუმცა ლოურენსი დარწმუნებული იყო, რომ თავისი კატის კნავილი გაიგო და მოგვიანებით კვლავ დარეკა კლინიკაში და პერსონალს კატის შესახებ დამატებითი კითხვები დაუსვა და ზუსტად აღწერა მისი გარეგნობა. შემდეგ კლინიკაში მივიდა და თანამშრომლებს ბარნაბის ფოტოები აჩვენა.
როდესაც გაირკვა, რომ კატა მართლაც ბარნაბია, ის პატრონთან ერთად სახლში დაბრუნდა. ლოურენსი ამბობს, რომ კატა ბედნიერი და ჯანმრთელია. ამასთან, ლოურენსი ამბობს, რომ კატა ჩიპირებული იყო, თუმცა კლინიკაში შეყვანისას ჩიპის მონაცემების წაკითხვა ვერ მოხერხდა. ქალი ვარაუდობს, რომ ბარნაბის ჩიპირების პროცედურა არასწორად ჩაუტარეს.