logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ინფლაცია პანდემიამ მოიტანა, ეს არის გარკვეული ეპიზოდი, რომელიც დაძლეული იქნება
- +

19 იანვარი. 2022. 02:49

 

 

„ინფლაცია პანდემიამ მოიტანა, ეს არის გარკვეული ეპიზოდი, რომელიც დაძლეული იქნება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

„წლების განმავლობაში ინფლაცია იყო სამი-ოთხი პროცენტი და ჩვენი მოსახლეობისთვის რომ გვეკითხა, რა იყო ნომერ პირველი პრობლემა, ინფლაციას არავინ დაასახელებდა. კი, ეპიზოდურად, სხვადასხვა პროდუქციაზე შეიძლება ხდებოდა ფასების მერყეობა, მაგრამ ეს გლობალური ბრობლემა არ იყო. 2020-2021 წლებში რა მოხდა ისეთი განსხვავებული, რამაც ინფლაცია გაასამმაგა და გააოთხმაგა? ერთადერთი რამ, რაც გლობალურად მსოფლიოში მოხდა, ეს არის პანდემია და თუ მსოფლიო ეკონომიკას შევხედავთ, ყველგან არის ინფლაციური პროცესები, განსაკუთრებით სურსათზე. FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 27%-ით გაძვირდა მთლიანად სურსათი, რაც ჩვენზე პირდაპირ აისახება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვავითარებთ საექსპორტო დარგებს, მაგრამ ჯერ კიდევ, მთელ რიგ პოზიციებზე იმპორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მსოფლიოს თუ შევხედავთ, ნავთობროდუქტებზე ფასები 80%-ით იყო გაზრდილი. იგივე ევროპულ ბირჟებს თუ შევხედავთ, ბუნებრივი აირის ფასები აბსოლუტურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც არის ზეწოლა, მათ შორის, არა მხოლოდ პირდაპირი, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკის წყალობით, ამას ჩვენ ბაზარზე არ ავსახავთ, მაგრამ არის ირიბი ზეწოლა. იმიტომ, რომ იმპორტიორ კომპანიებს სატრანსპორტო ხარჯები გაეზარდა და რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასებზე ესეც აისახება. ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი და აქედან გამომდინარე, ეს არის გარკვეული ეპიზოდი, რომელიც შემდგომში დაძლეული იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა, სიღარიბის პრობლემა საკმაოდ მტკივნეულია და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, ელოდოს, სანამ ინფლაცია თავისით, პანდემიასთან ერთად არ დასტაბილურდება.

 

„აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა მთელი რიგი გადაწყვეტილებები და კიდევ იქნება მიღებული. მაკრო ეკონომიკურ დონეზე დავასახელებ ორს – ეს არის ეროვნული ბანკის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა. ეს უფრო ფულის მასას ეხება. იგივე შეეხება ფინანსთა სამინისტროს ძალიან წარმატებულ პოლიტიკას იმ თვალსაზრისით, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდა. ეს, სუფთა მაკროეკონომიკურ დონეზე რაც გაკეთდა იმისთვის, რომ ინფლაცია ნელ-ნელა ქვევით წამოვიდეს. საშუალოვადიან პერსპექტივაში ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ჩვენი საექსპორტო კომპანიები, იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანიები განვითარდეს, გვხდის ნაკლებად მოწყვლადს და მეტად დამოუკიდებელს იმპორტისგან, რითაც გარე ბაზარზე გაძვირება ჩვენზე ნაკლებად აისახება. ეს იგივეა, რომ ელექტროენერგიაში უნდა გვქონდეს საკუთარი რესურსი. სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ახლა მეტ ყურადღებას ვაქცევთ საკუთარ წარმოებას და ეს გამოიღებს შედეგს. ყველაზე მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის წერტილოვანი დახმარებები, სოციალური პოლიტიკა და ჩარევები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – მედიკამენტები და ელექტროენერგიის ნამატის სუბსიდირება იმათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და არა ყველასთვის, რაც არ იქნებოდა სოციალურად სამართლიანი“, – განაცხადა თურნავამ.

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფელი, გლეხი, ფერმერული მეურნეობა, მიწის ეფექტური დამუშავების ხელშეწყობა, ბაღების, თუ სათბურების გაშენება და როგორც დღევანდელი გლობალური გადმოსახედიდან დადასტურდა, ეს აბსოლუტურად სწორი პოლიტიკაა, რადგან პანდემიის პერიოდში სასურსათო უსაფრთხოებაზე ყველა ქვეყანა უფრო მეტად დაფიქრდა.

 

„ჩვენ ამ კუთხით კარგი პოზიციები გვაქვს და ბევრს გავასწარით. ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ექსპორტის და ამ ექსპორტში ძალიან მაღალი ტემპები გვაქვს სწორედ სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდუქციაზე“, – განაცხადა თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი გაკეთდება და სასურსათო უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner