logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის სერვისი, რომლითაც სხვა პატიმრები სარგებლობენ
- +

19 იანვარი. 2022. 14:33

 

 

„სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ასახავს. რა თქმა უნდა, ექიმთა კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასკვნა ზომაზე მეტად სუბიექტურია, რომელიც არა ფაქტებზე დაფუძნებულ სინამდვილეს, არამედ გარკვეული, წინასწარ შემუშავებული გეგმის გასაჯაროებას და განვრცობას ემსახურება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარდგენილ ანგარიშს.

 

მისი თქმით, სასურველია თუ სახალხო დამცველი, რეალურად განახორციელებს საკუთარ მანდატს და სხვა პატიმრების მიმართ ისეთივე ყურადღებას გამოიჩენს, როგორც პატიმარ სააკაშვილის მიმართ იჩენს.

 

„ლომჯარიას მიერ წარმოდგენილ დასკვნაში საუბარია, რომ არ განხორციელდა პატიმრის (მ. სააკაშვილი) ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც პირდაპირ ვთქვათ, ბუნდოვანი ცნებაა და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს, რადგან სააკაშვილისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის სერვისი, რომლითაც სხვა პატიმრები სარგებლობენ, მას სხვა პატიმრების მსგავსად შეუძლია დაკავდეს ფიზიკური აქტივობით, იქნება ეს გასეირნება, ვარჯიში თუ სხვა. როდესაც პატიმარი აღნიშნული უფლებით სარგებლობაზე უარს აცხადებს, ეს პატიმრის პრობლემაა და არა სახელმწიფოსი (ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი სეირნობაზე და ფიზიკურ აქტივობაზე უარს აცხადებს).

 

რაც შეეხება სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, საპყრობილეში ყოფნა უკვე სტრესს ნიშნავს, მაგრამ ეს არ არის იმ დონის სტრესი, რომელიც განსაკუთრებულ მკურნალობას, მით უფრო საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდეს. არსებობს გარკვეული პროტოკოლი, რომლის შესაბამისად ხდება პატიმრის მკურნალობა, ზრუნვა და ა.შ. აღნიშნული პროტოკოლი შემუშავებულია დარგის სპეციალისტების მიერ, რომელშიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკაა ასახული. მთავარია, რომ სააკაშვილს ხელმისაწვდომობა აქვს ყველა იმ სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო პატიმარს სთავაზობს, სწორედ აღნიშნულია მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო მიდგომა ყველა პატიმრის მიმართ არის იდენტური, რაც სამართლიანობის და თანასწორ განცდას აჩენს.

 

ზოგადად სასურველია თუ სახალხო დამცველი, რეალურად განახორციელებს საკუთარ მანდატს და სხვა პატიმრების მიმართ ისეთივე ყურადღებას გამოიჩენს, როგორც პატიმარ სააკაშვილის მიმართ იჩენს, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააძლიერებს და მის სანდოობას გაზრდის. მესმის რომ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ, ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ის მოქმედი პატიმარია და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერ იქნება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner