logo_geo
eng_logo
„Financial Times“: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება
- +

19 იანვარი. 2022. 16:32

 

 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „Financial Times“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვი გააფრთხილეს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთს სანქციები დაუწესდება, რაც უზარმაზარ შედეგებს გამოიწვევს.

 

თუმცა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. დისკუსიებში ჩართული ოთხი ოფიციალური პირის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ე.წ. ჰიბრიდული თავდასხმები შეიძლება არ აკმაყოფილებდეს სანქციების დაწესების კრიტერიუმს.

 

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, გასულ კვირას საფრანგეთში გამართულმა არაფორმალურმა დისკუსიამ ნათლად ცხადყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა.

 

„საერთოდ არ იყო თანხმობა იმაზე, თუ რას ნიშნავს აგრესია და სახელმწიფოებს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს ყველა სახის ჰიბრიდული ქმედებების ჩართვა სურს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სრული ინტერვენციაა საჭირო სანქციების გასააქტიურებლად. ჩვენ მივაღწიეთ ერთიანობას რუსეთის თავდასხმაზე პასუხის გაცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც ახლა არ გვაქვს, არის ის, თუ როგორ უნდა განისაზღვროს რუსეთის თავდასხმა“, - განაცხადა დისკუსიებში ჩართულმა წყარომ.

 

10 იანვარს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შეშფოთება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების რისკს ზრდის იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ასეთი სანქციები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner