პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით დასმული კითხვებით საგამოძიებო ორგანო უნდა დაინტერესდეს.
როგორც საუბრისას მანანა კობახიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ თუ ვინმე ახდენს სასამართლოზე ზეწოლას, ეს "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი პაპუაშვილია.
„პაპუაშვილი პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნები აქვს.
როდესაც კონკრეტული გახმაურებული საქმეები მაინცდამაინც, პირველ კოლეგიას ეწერება, სადაც ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც პირდაპირი კავშირები ჰქონდათ კონკრეტულ პირებთან, მაგალითად - კოპალეიშვილთან. ეს კავშირები გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხი "ნაციონალური მოძრაობისგან" თავისუფალი არ არის.
საეჭვოდ, სწორედ ამიტომ ხდება საქმეთა განაწილების დროს, ამ კოლეგიისთვის იმ საქმეების განაწილება, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
გარდა ამისა, ძალიან საეჭვოა, რომ საქმეებზე, რომელთა განხილვასაც პლენუმი რამდენიმე თვე, ან ერთი წელი უნდებოდა, დღეს ძალიან დაჩქარებულ ვადებში იღებს გადაწყვეტილებას. მათ პრაქტიკულად, არ ეძლევათ ის ვადა, რომელიც განსახილველად აქვთ.
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, როდესაც გაჟღერდა ინფორმაცია კონკრეტული დოკუმენტების საპროცესო ნორმების დაცვით წარდგენაზე, სარჩელების შეცვლასა და დაზუსტებაზე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
თუ სარჩელი პროცედურის დარღვევით არის შეტანილი, ბუნებრივია, მას სასამართლო არ მიიღებს. თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება სარჩელის დაზუსტება, კონკრეტული მუხლის ჩამატება, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ სასამართლოს გარკვეული ინტერესი აქვს, კონკრეტული სარჩელი წარმოებაში მიიღოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს. ასეთი საქმეები განხილვაში მხოლოდ პირველ კოლეგიას აქვს. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის იმაში, რომ ყველა იმ კითხვის ნიშანს, რომელიც დაისვა, პასუხი გაეცეს. კანონისა თუ პროცედურის დარღვევით, სარჩელების შეტანის თუ დოკუმენტების გამოცვლის ფაქტი აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას. ვფიქრობ, ეს ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს. ასევე გამოძიება, რომელიც პროკურატურას აქვს დაწყებული, ბოლომდე უნდა მივიდეს და გაირკვეს, რა მიზანს ემსახურება პაპუაშვილის ქმედება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.