„მე არ ვარ მედიკოსი და ადამიანის ყურისთვის ძალიან უცნაურად ჟღერს, რომ მაგალითად, სააკაშვილი საჭიროებს ფსიქოთერაპიას. თქვენ წარმოგიდგენიათ ფსიქოთერაპევტთა ჯგუფი, რომელიც დაუჯდება და ეტყვის, რომ ცხოვრებაში ხდება ასეთი რამე, ადამიანები ხდებიან პატიმრები? ნუ ნერვიულობთ, იქნებ მომავალი უკეთესი გქონდეთ - რა სახის ფსიქოთერაპია უნდა ჩაუატარო ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა და თუ დამნაშავეა, მართალია, რადგან სწორად იქცეოდა, რომ ხალხი დაემორჩილებინა და ქვეყანაში ყოფილიყო კანონი და წესრიგი. რა წესრიგიც დაამყარა, ვნახეთ,“ - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ექს-პრეზიდენტს სურს, რომ ციხიდან ძალის გამოყენებით დაიხსნან და სისხლი დაიღვაროს.
„მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ ჯორჯ ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელს ადარებს თავს. აქედან გამომდინარე, რასაც ნინო ლომჯარია აცხადებს, რასაკვირველია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მაგრამ თავადაც უკან იხევს გარკვეულწილად - ამბობს, რომ რეკომენდაცია არ სრულდება და აქედან გამომდინარე, იქ არ შევალო. დავუფიქრდეთ პოლიტიკური თვალსაზრისით, ლოგიკურად გავაანალიზოთ სიტუაცია, მაგრამ რაც შეეხება ჯანდაცვის თემას, ალბათ მაღალი დონის ექსპერტია საჭირო, რომელიც ყველას გააგებინებს საქართველოში სულ მცირე, რომ როდესაც ციხის პირობებში ხარ, ადამიანი გარკვეულ სტრესს განიცდის. მით უმეტეს სააკაშვილი, რომელიც მიჩვეულია ხელჯოხის ჭერას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.