ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კანონების შესწორებებს, რომლის თანახმად, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს სამუდამო ვადით მინიჭებული თანამდებობები ჩამოერთმევა.
კერძოდ, ნურსულთან ნაზარბაევს ჩამოერთმევა უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სამუდამო თავმჯდომარეობა და აღნიშნულ თანამდებობებს მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი დაიკავებს.
საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.
18 იანვარს, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება და ქვეყანა არ დაუტოვებია. მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული არეულობების მიზანი ყაზახეთის მთლიანობის განადგურება იყო.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. 10 იანვარს, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. 11 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის დასრულება გამოაცხადა.