„ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუმცა მზად არის, თავის ევროპელ მოკავშირეებსა და აშშ-ს მხარი დაუჭიროს და რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება“, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს ჩემი უფლებამოსილების პერიოდში. რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრას, ამას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და სანქციები უკიდურესად მკაცრი იქნება“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფინეთის უმსხვილესი გაზეთი Helsingin Sanomat-ის ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 28%-ს ფინეთის ნატოში გაწევრიანება სურს, 42% წინააღმდეგია, ხოლო 30% დარწმუნებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრეთა წილი 8%-ით გაიზარდა 2019 წლის გამოკითხვასთან შედარებით.
ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.