logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას ორი დამოუკიდებელი უწყების სახით უნდა ეფუნქციონირა
- +

20 იანვარი. 2022. 01:08

 

„თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას უნდა ეფუნქციონირა ორი დამოუკიდებელი უწყების სახით. გუნდის შიგნით მეც ვიყავი ამ პოზიციის მომხრე თავის დროზე, როცა პოლიტსაბჭოში განიხილებოდა ეს საკითხი და გარეთაც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო რეკომენდაციებიც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერდნენ სწორედ ორი დამოუკიდებელი უწყების სახით ამ ინსტიტუციის არსებობას“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ,,ღამის კურიერში’’.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების საკითხზე ვერავინ კამათობს, რადგან სამართლებრივად გამართულია, ხოლო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებამ სპეკულაციებისთვის ნაკლები სივრცე დატოვა.

 

„ინსტიტუციურ ნაწილზე ვერც ვერავინ დავობს, ანუ უმჯობესი რომ არის ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბება ეს სადავო პრაქტიკულად არავისთან არ არის. სამართლებრივად არის აბსოლუტურად გამართული ეს დოკუმენტი, კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც კანონად ვაქციეთ. რაც შეეხება დაჩქარებულ წესს, როდესაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა გაქვს დაგეგმილი, ბუნებრივია, აღარ არის მიზანშეწონილი, რომ ორი თვით გადადო ამ რეფორმის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ არა დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღება, ორი თვით გამოიწვევდა ამ საკითხის გადადებას. ეს იყო მარტივი მიზეზი და ახლა, როგორც გამოჩნდა, პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაც კიდევ უფრო მეტი სივრცე იქნებოდა არა დაჩქარებული წესით რომ განგვეხილა ეს საკითხი, ორი თვე იქნებოდა საზოგადოება ამ სპეკულაციების მომსწრე. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად სწორად დალაგდა ეს ყველაფერი. სამართლებრივად ყველაფერი წელში გამართულია. ჩამოყალიბდება ორი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფუნქციას შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მან განმარტება სახელმწიფო ინსპექტორზე ლონდა თოლორაიაზე გააკეთა და განაცხადა, რომ მას ორ წლის განმავლობაში არანაირი პრობლემური საკითხი არ ჰქონია.

 

„ორ წელიწად-ნახევარი ასრულებდა ამ სამსახურის ხელმძღვანელი თავის მოვალეობას და თქვენ გახსენდებათ რაიმე ისეთი პრობლემური საკითხი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული მის საქმიანობასთან? ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში არც ერთი პრობლემური შემთხვევა არ ჰქონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

 

პრემიერის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner