პრემიერ- მინისტრმა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და წარმოება განვითარდეს. ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს რუსთავში. არც ისე დიდი ხნის წინ რუსთავში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო - ,,პანექსი"- ეს 6-მილიონიანი პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. საწარმოს პროდუქცია ინდუსტრიული შენობების მშენებლობაში გამოიყენება და საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია იმპორტს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს. რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, აგრეთვე უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს. დღეს დილით მთავრობის სხდომამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც საწარმო შედის პარტნიორობაში რუსთავის აზოტთან და მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია რუსთავის აზოტის საწარმოში. ეს არის რუსთავში ხუთასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს კი თავისთავად არის ხუთას დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათელია, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მე მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.