დიდთოვლობასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერიაში საგანგებო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, საჭიროებები და დავალებები განიხილეს.
„ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, რათა გაიწმინდოს გზები, რამდენიმე სოფელში დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ გატარებულ ზომებზე.
ჩემს წარმომადგენლებს სოფლებში მიღებული აქვთ შესაბამისი დავალებები, რათა ჰქონდეთ გადამოწმებული ინფორმაცია, თუ რა ხდება თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, იქონიონ აქტიური კომუნიკაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან და მარტოხელა ხანდაზმულ მოქალაქეებთან.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მუშაობენ ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომელიც დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.