„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს 300 000-მდე მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებელი სახლები იძულებით აქვს დატოვებული“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, გერმანიაში ვიზიტის დროს, ატლანტიკ-ბრუკეს, გერმანიის ამერიკული საბჭოსა და მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქეს იძულებით აქვს დატოვებული საკუთარი სახლები. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას განახორციელებს, რა მოხდება შემდეგ? ცხადია, რუსეთის ძალისხმევა, რომ თავის მეზობელი ქვეყნები მარიონეტებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატულების მცდელობები, მხოლოდ გაძლიერდება“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი დასავლეთს არ აწვდის ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებით.
„რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. პირველივე შეხედვისთანავე ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა“, - განაცხადა ბლინკენმა