საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საზოგადოება დააბნია ბევრმა, ვისაც საერთოდ აზრად გაუჩნდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა კიდევ სხვა რამეა ოჯახი.
„მე მგონია, საზოგადოება ისედაც დააბნია ბევრმა, ვისაც საერთოდ აზრად მოუვიდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა კიდევ სხვა რამეა ოჯახი. ეს არის ჩემი მოსაზრება. წესით, მე თუ მკითხავთ, უხერხულია კონსტიტუციაში ამის ჩაწერა, რადგან არ მგონია, საქართველოში ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, რომელსაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობის გარდა, სხვა რაიმედ წარმოედგინოს. ვფიქრობ, ამის ჩაწერის აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ რამე ძლიერი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, დავეთანხმები. თუ სადმე რამე დოკუმენტია, ყველგან ჩაიწეროს, თუ ერთი დოკუმენტიდან და ზნეობიდან ვერ იგებენ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.