„საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის ფარგლებში, კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა. ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედი, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა, სამი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე რაუნდი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსისა და საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.
სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში გაწევრება, რაშიც გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები, ურყევი მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2021 წლის 15 დეკემბრის სამიტი, რომელზეც პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, მათ შორის, ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა იქნა მიღებული. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერება, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარება პრიორიტეტად განისაზღვრა, რაც თავის მხრივ, საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი საფლაგმანო ინიციატივაა და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლის მაქსიმალურად ათვისებას.
დადებითად შეფასდა ასოცირებული ტრიოს ინიციატივა, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად, მონაწილეთა მხრიდან ხაზი გაესვა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც რჩება მნიშვნელოვან, სტრატეგიულ რეგიონულ განზომილებად.
გერმანულ და ფრანგულ მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით და აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულია შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისა და რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ქართული მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, რაც დასტურდება ბოლოდროინდელი გამოკითხვებითა და კვლევებით. ამ კონტექსტში, აღინიშნა „მეტი-მეტისათვის პრინციპის“ მნიშვნელობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ახალი ინიციატივების შემუშავების აუცილებლობა. გამახვილდა ყურადღება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ასევე, სექტორული ინტეგრაციის როგორც შემდგომი ნაბიჯის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირება და დაადასტურეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა უვიზო მიმოსვლის მოთხოვნათა მაქსიმალურად დაცვის ხელშეწყობის კუთხით.
სამმხრივი კონსულტაციების მონაწილეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ მიუღებელია ე. წ. „უსაფრთხოების გარანტიებზე“ რუსეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე გაჟღერებული გზავნილები. გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ქართულ მხარეს, რომ არ მოხდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ამასთან, ალიანსი მტკიცედ დაიცავს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, თუ რომელი ორგანიზაციის წევრობა სურთ.
გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილი. აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
კონსულტაციებისას განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პროცესის გააქტიურების გამო, ასევე, ხაზი გაესვა უკანონო ბორდერიზაციასა და რუსეთის სხვა პროვოკაციულ ქმედებებს, როგორიცაა უკანონო დაკავებები და გატაცებები. აღინიშნა ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძისა და სხვა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების აუცილებლობა.
საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის პრობლემებს. შეშფოთება გამოითქვა რუსეთის მიერ ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების გამო, რაც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას.
აღინიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და რუსეთს აკისრებს ვალდებულებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაზე და გერმანელ და ფრანგულ მხარეებს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
კონსულტაციებისას, ასევე, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, ასევე, საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.
ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის მესამე რაუნდში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი სალომე შაფაქიძე, პოლიტიკური, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატო-ში ინტეგრაციის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. გერმანიის დელეგაციას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მათიას ლუტენბერგი, ხოლო საფრანგეთის მხარეს - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორატში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი რემი ბუალეგი.
საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა, სამუშაო შეხვედრა ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2022 წელს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ გამართვის მნიშვნელობაზე.