გერმანელმა ფაშისტებმა გერმანელი ერი განადიდეს, ქართველმა „ფაშისტებმა“ („ნაციონალებმა“) დაჰაუ და ოსვენციმი ქართველებსვე მოუწყვეს.
მოგეხსენებათ, „უდანაშაულო“ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დიდი „შუმოკია“ ატეხილი საქართველოში.
ამ სამარცხვინო, ამაზრზენ ყაყანს და გნიასს რომ ვუყურებ, ერთი რამ ძალიან მაკვირვებს და მაოცებს, სად არის ის ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი, რომლებზეც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ რვა წლის განმავლობაში ძალადობდა?
ყველას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც თქვენ სად ხართ, სამასიათასო პრობაციონერო, სააკაშვილის ფაშისტურ-კრიმინალურმა რეჟიმმა სასამართლოებში რომ გათრიათ, მერე კი პრობაციონერის სტატუსით აღჭურვილებს ყოველ კვირა რომ გაიძულებდათ, ხელმოწერით დაგედასტურებინათ, რომ „კოლონია საქართველოს“ ტერიტორია არ დაგიტოვებიათ.
დამნაშავე და მოძალადე სააკაშვილის უტიფარი და ურცხვი ქომაგები რომ ჩანან მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, საპროტესტო მიტინგებზე, თქვენ როდის გამოხვალთ გარეთ, სამასიათასო, ოთხასიათასო, ხუთასიათასო ქართველო და თქვენ როდის გააპროტესტებთ, რომ ერთხელ უკვე დამცირებულებს და შეურაცხყოფილებს ხელახლა გამცირებენ და შეურაცხგყოფენ ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არავის დაუჩაგრიხართ, არავის უდევნიხართ, არავის უძალადია თქვენზე.
იცით, ამით რას ამბობენ ეს ნაცები?
რას ამბობენ და იმას, რომ თქვენ საერთოდ არ ყოფილხართ, თქვენ საერთოდ არ არსებობთ, თქვენ საერთოდ არ გიცხოვრიათ ამ ქვეყანაზე და, გამომდინარე აქედან, რადგან არ არსებობთ, არც თქვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები არსებობს.
სულო ცოდვილო და თქვენს არსებობაში ნაცებს კი არა, მეც მეპარება ხანდახან ეჭვი - თუ არსებობთ, რატომ არ ისმის თქვენი ხმა, თუ არსებობთ, რატომ არ ჩანხართ და რატომ არ გვენახვებით?
თქვენ მაინც სად ხართ, ღვაწლმოსილო ინტელიგენციავ, ერთი ხელის მოსმით რომ ჩაგრეცხათ უსინდისო და გათახსირებულმა სააკაშვილმა და უფუნქციოდ, ულუკმაპუროდ დაგტოვათ?
ვიცი, ბევრი ვერ გადაურჩა ამ რეპრესიებს, მაგრამ ვინც გადარჩით, ისინი მაინც სად ხართ და რატომ არ ამბობთ, რა უბედურება დაგატეხათ თავს „ნაცმოძრაობამ“?
13 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.
ამ ცამეტი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა, ერთად შეკრებილიყავით ის ადამიანები, ვინც ამ ომმა ყველაზე მეტად დაგაზარალათ და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად და ლტოლვილებად გაქციათ.
ვინ ვინ და, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების უგუნური, მოღალატეობრივი, ლაჩრული, უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად როგორ დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, როგორ მიართვეს მტერს ხონჩით კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა, უძველესი ქართული სოფლები, როგორ გამოიქცნენ ბრძოლის ველიდან, როგორ დატოვეს ბრძოლის ველზე უპატრონოდ ქართველი ჯარისკაცების ცხედრები და, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია - როგორ დაგტოვეს თქვენ, უიარაღო ადამიანები, მტრის პირისპირ, ბედის ანაბარა.
აი, ამის ჩამდენი არაკაცები დღეს ისევ ხელისუფლებაში აპირებენ მობრუნებას, თქვენ კი ისე დუმხართ, თითქოს ეს საშინელება თქვენ საერთოდ არ შეგხებიათ.
თქვენ დუმხართ, სამაგიეროდ, მთელი მსოფლიო შეძრეს ნაციონალებმა და მათმა მხარდამჭერებმა: გაუგონარი ამბავი ხდება - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და მთავარსარდალი დაიჭირა და გლდანის ციხეში გამოამწყვდიაო.
რა მთავარსარდალი და რისი მთავარსარდალი - რომელ ომს და რომელ ბრძოლას უსარდლა ამ მშიშარა და ლაჩარმა კაცმა, ცხვირით რომ ხნავდა გორის მიწას და შიშისგან გონდაკარგული ჰალსტუხს რომ ჭამდა?
ამ „მთავარსარდალს“ ახლა 9 მილიონის ქურდობისთვის ასამართლებენ, თქვენ კი დუმხართ და არ მოითხოვთ, ის მკაცრად დაისაჯოს იმ ქმედებებისთვის, რასაც თქვენი და თქვენი ოჯახების სიმშვიდე და კეთილდღეობა შეეწირა, რასაც სამაჩაბლოს და კოდორის ხეობის დაკარგვა, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განადგურება მოჰყვა.
ძველ ათენში, დემოკრატიის აკვანში, ჯერ კიდევ ძვ.წ. 509 წელს, შემოიღეს ოსტრაკიზმი, ანუ კანონი იმ ადამიანთა გამოსავლენად, რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ათენელი მოქალაქეები თიხის ფირფიტებზე, ოსტრაკონებზე წერდნენ ასეთი ადამიანების სახელებს. ვისი სახელიც ყველაზე ხშირად განმეორდებოდა, მას მოიკვეთდნენ და ათენიდან აძევებდნენ.
რადგან ქართული მართლმსაჯულება ვერ მოერია ნაციონალთა ავკაცობას, იქნებ, თიხის ფირფიტები მაინც ჩამოურიგონ საქართველოს მოქალაქეებს და ამით მაინც ვცადოთ ნაძირლებისა და ავაზაკების პოლიტიკურ ასპარეზზე მუდმივი პარპაშის აღკვეთა.
„ნაცმოძრაობის“ დროს, არასრული მონაცემებით, 50 000-მდე ადამიანი მოხვდა ციხეში, რომელთა უმრავლესობამ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა, თუმცა მხოლოდ ცალკეული ადამიანები თუ ლაპარაკობენ ამის შესახებ. ერთად შეკრებილი, ერთად გაერთიანებული, ერთ მრისხანე პროტესტად შეკრებილი მათი ხმა ჯერ არ გვსმენია, ისე, როგორც არ გვსმენია ერთად შეკრებილი ხმა იმ ადამიანებისა, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ დააყაჩაღა, ქონება წაართვა, ბიზნესი გაუნადგურა.
***
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული, წინა საუკუნის 70-იან, 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში 37-იანი წლების რეპრესირებულთა უამრავი ორგანიზაცია არსებობდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთივე ორგანიზაციები არსებობდა (ნაწილი დღემდე აგრძელებს არსებობას) ევროპულ სახელმწიფოებშიც - გერმანიაში, იტალიაში საფრანგეთში, ესპანეთში, სხვაგან და სხვაგან.
ასეთი ორგანიზაციები ადამიანებს ახსენებენ, თუ რა საშინელებაა ძალადობაზე დაფუძნებული ძალაუფლება, მისი სასტიკი, არაადამიანური და უმოწყალო ბუნება, რომელიც სინამდვილეში მაშინაც კი ანგრევს, როცა ვითომცდა რაღაცას აშენებს.
ადამიანების გაუბედურების ხარჯზე აშენებულ სახელმწიფოში, გარდა სინდისგარეცხილი არამზადებისა, ვერავინ ვერ იქნება ბედნიერი.
ასე რომ, სააკაშვილისა და ნაციონალების უტიფარი ლაყბობა, თითქოს ისინი ახალი ყაიდის ქართულ სახელმწიფოს აშენებდნენ, სრული ფარისევლობა და დემაგოგიაა.
სახელმწიფოს კი არა, ისინი აშენებდნენ უმკაცრესი რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკს, საიდანაც მილიონებს და მილიარდებს ქაფავდნენ.
იმას, რაც 2003–2012 წლებში საქართველოში ხდებოდა, ქართულ ფაშიზმს უწოდებენ, თუმცა ეს არ არის მთლად ზუსტი ტერმინი.
ზოგადად რომ ვთქვათ, მიზეზთა და მიზეზთა გამო, დროთა განმავლობაში ფაშიზმზე, როგორც იდეოლოგიაზე, არასწორი ინტერპრეტაცია და მცდარი აღქმა და განმარტება ჩამოყალიბდა და ის გაიგივდა მხოლოდდამხოლოდ სისასტიკესთან, ანტიჰუმანურ, ანტიადამიანურ მოვლენასთან, რაც გერმანელი ფაშისტების მიერ ჩადენილ შემზარავ დანაშაულებთან არის დაკავშირებული.
სინამდვილეში, ფაშიზმი ის იდეოლოგიაა, რომელიც ყველაზე მაღლა სახელმწიფოსა და ნაციის ინტერესებს აყენებს, სადაც ყველაფერი სახელმწიფოსა და ერის წინსვლისა და განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული.
ხომ გახსოვთ გერმანელი ფაშისტების დევიზი: „დოიჩლანდ, დოიჩლანდ, იუბერ ალეს!“ (გერმანია, გერმანია, ყველაზე მაღლა!).
ნაციონალები, ანუ ქართველი ფაშისტები, მათი ფიურერის, სააკაშვილის, ხელმძღვანელობით, პირიქით იქცეოდნენ და ოსვენციმსა და დაჰაუს ქართველებსვე უწყობდნენ.
„ნაცმოძრაობის“ დროს თავიანთ ქვეყანაში, საქართველოში, ქართველები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი, ყველაზე უფრო ადვილად დასაჩაგრი და ადვილად ხელწამოსაკრავი ნაწილი იყო, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ აკნინებდა, შეურაცხყოფდა, აჩმორებდა, ციხეებში ყრიდა, აწამებდა, აყაჩაღებდა, საერთაშორისო ასპარეზზე ჩამორჩენილ, ნახევრად ველურ ერად წარმოაჩენდა, რომელსაც მხოლოდ მათრახის და როზგის ენა ესმის.
გერმანელი ფაშისტები გერმანელ ერს წმინდა სისხლის ყველაზე ცივილიზებულ ერად წარმოაჩენდნენ, ქართველი ფაშისტები, როგორც ვთქვით, საპირისპიროდ იქცეოდნენ.
ნაციონალები ფაშისტები რომ ყოფილიყვნენ, რა გვიჭირდა? ფაშისტები კი არა, ესენი ჩვეულებრივი კრიმინალები და ბანდიტები არიან, რომლებსაც ასევე კრიმინალი და ბანდიტი სააკაშვილი უდგათ სათავეში.
ეს არის სიმართლე, რომლის თქმა ამ ცხრა წლის განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, სანამ „ნაცმოძრაობის“ დროს რეპრესირებული ადამიანები ერთ დიდ ორგანიზაციად არ გაერთიანდებიან და იმ კრიმინალური სისტემის გასამართლებას და იმ პოლიტიკური ძალის აკრძალვას არ მოითხოვენ, რომელმაც ეს სისტემა შექმნა. „ნაცმოძრაობის“ გადაკეთება, მისი გაკეთილშობილება, მისთვის ცოდვების ჩამორეცხვა შეუძლებელია.
მას ისეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაც დროის ხანდაზმულობას არ ექვემდებარება.
სხვა გამოსავალი არ არსებობს - ქართული ნიურნბერგის პროცესი უნდა შედგეს და ამ პროცესზე მთავარი ბრალმდებლები „ნაცმოძრაობის“ დროს რეპრესირებული ადამიანები უნდა იყვნენ.
იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, თავმოყვარე ერს ვერ გაუბედავდნენ.
ჰოდა, ჩვენც არ გავაბედვინოთ!