logo_geo
eng_logo
რუსეთის დუმა მომავალ კვირას ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხზე იმსჯელებს
- +

21 იანვარი. 2022. 16:16

 

 

რუსეთის დუმა მომავალ კვირას ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ წამოყენებულ ინიციატივაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რუსეთის დუმის სპიკერის ინფორმაციით, რუსმა პარლამენტარებმა, კომუნისტური პარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინეს კანონპროექტი, რომელშიც „ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ითხოვენ“.

 

ვოლოდინის თქმით, მმართველი პარტია შეშფოთებულია სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები რუსების უსაფრთხოებით. მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი მინსკის ხელშეკრულებებს უგულებელყოფს, NATO-ს უკრაინის ოკუპაცია სურს, რამაც შეიძლება, დიდი ტრაგედია გამოიწვიოს, რაც რუსეთმა არ უნდა დაუშვას.

 

რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ შემდეგ კვირას ფრაქციების თავმჯდომარეებთან ერთად გაიმართება კონსულტაციები, ხოლო კონსულტაციების შემდეგ, შედეგების მიხედვით, საკითხს სახელმწიფო დუმის საბჭო განიხილავს.

 

ინიციატივის განხილვის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, რომლის თქმითაც, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან თავის არიდება, რომლებსაც ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა შეუძლია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner