„შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს, რადგან მას 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, შალვა ნათელაშვილი იყო პარლამენტის წევრი, რომელსაც პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს და თითი თითზე არ დაუდია, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი, რაც არის სამარცხვინო საქციელი.
„თუ შალვა ნათელაშვილი ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია მისი პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად წაიღო სახლში. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს დააბრუნოს 5 113 000 ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა“, – განაცხადა იოსელიანმა.