„ეს გარიგება ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უხარისხო და უშინაარსო, არაპერსპექტიული გარიგებაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამაშვილმა „ქრონიკასთან“ რეგიონების საკრებულოებში პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსზე საუბრისას. მისი თქმით, ეს ორი პარტია სინამდვილეში არა ღირებულებების გამო, არამედ, პირადი, ვიწრო ინტერესების გამო გაერთიანდა.
„ამ გუნდის წევრებისგან, დღეს კიდევ უფრო მეტად პარადოქსული და აბსურდული განმარტებები მოვისმინეთ, რომ თითქოს ეს არ არის სისტემური კოალიცია, თითქოს კოალიცია პოლიტიკაში შეიძლება არსებობდეს სისტემური, ან არასისტემური. მსგავსი დეფინიციები, რასაკვირველია, ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში გარიგება არსებობს პოლიტიკაში ან იდეის ირგვლივ და ღირებულებების ირგვლივ, ან პირადი, ვიწრო ინტერესების ირგვლივ. ეს რიტორიკული კითხვაც რომ დავსვათ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი გასცემს პასუხს - ეს ადამიანები სინამდვილეში ღირებულებების გამო ერთიანდებიან თუ კონკრეტული, პირადი ინტერესები ამოძრავებთ.
მეორე მხრივ, კიდევ უფრო უხერხულია ისეთი განმარტებები, რომ ცალი ხელით ხელს აწერენ ურთიერთკავშირს, გარიგებას და მეორე მხრივ რცხვენიათ და ერიდებათ ამ ყველაფრის. რასაკვირველია, შინაგანად ისინიც გრძნობენ, როგორი უპერსპექტივოა ეს გარიგება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის პირადი მიზნები, რაც ამოძრავებთ ამ შემთხვევაში სხვა დანარჩენს წონის მათ სასწორზე. საბოლოო ჯამში, მსგავსი გაერთიანებები როგორ მთავრდება ქართულ პოლიტიკაში და ზოგადადაც, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და შესაბამის დასკვნას გამოიტანს საზოგადოება. მათი ერთობა ერთისთვისაც და მეორისთვისა დამაზიანებელია და კიდევ უფრო გაუფასურდება მათი რეიტინგები იმ ამომრჩევლის თვალში, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ მათ, ვინაიდან სახეზეა, რომ ეს ადამიანები ერთი ხელით ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, ეუბნებიან, რომ თითქოს დაპირისპირებაში არიან „ნაცმოძრაობასთან“, როცა ერთად არიან და ერთ გადაწყვეტილებებს იღებენ და მეორეს მხრივ, კიდევ ყოფნით იმის სითავხედე, რომ უარყონ თითქოს ეს ესე არ არის, რაც უკვე ფაქტია და დადასტურებულია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.