„კრიზისი, რომელიც არის ოპოზიციაში, ასევე თვალსაჩინოა გახარიას პარტიაშიც და ეს არის ბუნებრივი - კრიზისი ციდან არ მოდის, პარტიებში, ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი იწყება იმ დამოკიდებულებებიდან რა დამოკიდებულებასაც სახელმწიფო ინტერესის გზაზე ავლენს ესა თუ ის პარტია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისიც აქედან არის გამომდინარე. ისინი არასდროს სახელმწიფო ინტერესებით არ მოქმედებენ და ყოველთვის ერთ ადამიანზე მორგებული ინტერესები ამოძრავებთ. ასე არის გახარიას პარტიაც, რომელიც შეიქმნა იმიტომ, რომ კონკრეტული საშინაო დავალებები შეესრულებინა და როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით. იყვნენ ისეთები, რომლებიც ჩვენ ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებდნენ, რომელიც ეფუძნებოდა ლოგიკურ მსჯელობას. დღეს უკვე დასრულდა ის ფაზა, სადაც ჩვენ მხოლოდ ლოგიკური არგუმენტების მოშველიება შეგვეძლო და დღეს უკვე ფაქტებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთ კანდიდატს უყრიან კენჭს და ჰგონიათ, რომ ამით რაღაცას მიაღწევენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.