„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა მინისტრს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში წარუდგინა.
ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სამომავლო სამუშაო გეგმების დეტალები განიხილა.
შეხვედრაზე, კანონის „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“ სრულყოფისა და ამოქმედების გეგმის საკითხებზე იმსჯელეს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში, ველური ბუნებისა და მდგრადი ნადირობის შესახებ კანონპროექტის დასრულება, კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა 2022 წელს მოხდება.
ველური ბუნების სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად კვლავ კრწანისის ტყე-პარკის ეკოსისტემისა და რეკრეაციის აღდგენა რჩება. სააგენტოს ორგანიზებით, ტყე-პარკის მწვანე საფარის აღდგენა დაიწყო და მასშტაბური სამუშაოები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. დაირგო ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობების, როგორც წიწვოვანი ასევე, ფოთლოვანი ხეები, აიკრძალა ნადირობა, საქონლის ძოვება, დროებით შეიზღუდა თევზჭერა, მერქნული მასალის გატანა, ცეცხლის დანთება და სხვა. სააგენტოს გეგმაა: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული საჯარო სივრცის შექმნა, ტყეპარკში „სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრის“ დაფუძნება.
ტყე-პარკში დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა-დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
ამავე დროს, სააგენტო ფაუნის სახეობების გამრავლებასა და ბუნებაში აღდგენაზე აქტიურად მუშაობს, რაც გაზრდის ბუნებაში შემცირებულ პოპულაციებს. დაგეგმილია ფაუნის სახეობების ქცევის ცვლილებების შესწავლა კლიმატის ცვლილების კონტექსტში, ზოგიერთი სახეობის სტატუსის შეფასება ინვაზიური სახეობების გავლენისა და ტექნოგენური განვითარებით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებით.
ველური ბუნების სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია ესწრებოდნენ.