logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ბრალდებულები დააკავა
- +

22 იანვარი. 2022. 11:12

 

 

პოლიციამ თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 მოქალაქე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს დაბადებული ი.გ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაუზერის“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.

 

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner