„აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება! ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული ყველა წინა შტამის დამსახურებაა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„გთხოვთ ატარეთ პირბადე და „ბუსტერი“ დაიმატეთ ვისაც ამის დროს მოგივიდათ. საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აქტიური შემთხვევა 70 423-ია.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,„ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.