„სიტუაცია არის უაღრესად რთული და დაძაბული. მწვავეა დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. მსგავსი ბოლო ათეული წელია მსოფლიოს არ ახსოვს. ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია ვიყოთ მუდმივ კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკის ეთერში განაცხადა.
„რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიმართ წამოწყებული მწვავე რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ნატოს საკითხი და მისი არგაფართოებაა. საუბარია იმაზე, რომ გადაიხედოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს თემამ მეორე პლანზე არ გადაინაცვლა.
„საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და ამის დასტურია არა მხოლოდ ის შიდა საუბრები და კონსულტაციები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არამედ ის საჯარო განცხადებები, რომელიც კეთდება უმაღლეს დონეზე. მინდა გაგახსენოთ ენტონი ბლინკენის განცხადება ჟენევაში ლავროვთან შეხვედრის წინ ისაუბრა საქარველოს ოკუპაციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, 2008 წლის შემოჭრაზე და რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე. მე ვიცი შიდა წყაროებიდან, რომ ამ მოლაპარაკების ფონზე საქართველოს თემატიკა ჟღერდება. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია საუბარი გავლენის სფეროებზე. გავლენის სფეროების გადანაწილება, ეს არის წარსული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.