„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ვერ განიხილება გლობალური, დიდი სურათიდან ამოგლეჯილად და იზოლირებულად. ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს სამყაროს ნაწილი და ეს სამყარო და ჩვენი ნატოელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ბოლო მინისტერიალზე, სადაც ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ვიყავი რიგაში, რიგის მინისტერიალის შემდეგ გამოდიოდნენ ჩვენი პარტნიორები და ამბობდნენ, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. მართალია ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა, MAP-ი , მაგრამ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და იგივე ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც ფაქტობრივად არის იგივე კრიტერიუმებზე დაფუძნებული, ერთ ხინჯს ვერ მოუძებნი საქართველოს მხრიდან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში და ჩვენმა ძმებმა და დებმა იქ სიცოცხლე შესწირეს. 32 ქართველი, გმირი სამხედრო დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევაში ბრძოლაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ახლოვდება მადრიდის სამიტი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ამავე დროს რუსეთი ბევრი მიმართულებით იბრძვის. რუსეთი ძალიან „ეფექტიანად“ იყენებს შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ანუ, თუკი ამა თუ იმ დიდი ქვეყანას ექნება წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ის გავლენას ახდენს იმ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი მიმართულებით მუშაობს რუსეთის ფედერაცია და ეს არის პასუხი იმაზე, რატომ მაინცდამაინც ახლა აყენებს რუსეთი ულტიმატუმებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.