ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იანვრის ბაშოს მე-15 და ბოლო საშეჯიბრო დღეს მე-2 მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა. ტოჩინოშინს და მის მეტოქეს ამ ბრძოლამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 7-7-ზე ჰქონდათ, შესაბამისად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოშის) დაფიქსირებამდე ორივე მათგანს 1 მოგება აშორებდა.
ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და მძლავრი შეჯახების შემდეგ სუმოისტები უკეთეს პოზიციაში დადგომასა და მეტოქის დოჰიოდან გადაყვანას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში, ეს იჩინოჯოს გამოუვიდა, იორიკირით მოიგო და დადებითი ბალანსიც მან გაიფორმა.
34 წლის ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-7 ბაშო დაასრულა უარყოფითი ბალანსით.