OK!-ს აგვისტოს ნომრის მთავარი სტუმარი, კალაძეების დიდი ოჯახია, კახი კალაძემ OK!-სთან ვრცლად ისაუბრა და შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა საზოგადოება, რელიგია, ფული და ქველმოქმედება.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან (ვრცლად იხილეთ OK!-ს აგვისტოს ნომერში).
კახი კალაძე საზოგადოების შესახებ:
„საზოგადოებაში ვისურვებდი სიყვარულსა და სიმშვიდეს. ვისურვებდი ნაკლებად აინტერესებდეთ პოლიტიკა და მეტად აინტერესებდეთ საზოგადოების კულტურული, სოციალური და ზოგადად, განვითარება. განათლება, უზრუნველყოფილი ცხოვრება, სტაბილურობის შეგრძნება - ეს უნდა მივცეთ ჩვენ, პოლიტიკოსებმა ხალხს, რომ საზოგადოებაში სიმშვიდემ დაისადგუროს, აგრესიამ და გაუცხოებამ იკლოს."
კახი კალაძე ფულის შესახებ:
„ფული ფეხზე მყარად დგომის საშუალებაა, ხვალინდელი დღის შიშს გიქრობს. მეორე მხრივ, ბევრი ფული ბევრი პასუხისმგებლობაა, ბევრი საშუალებაა რამის გაკეთებისა, და შესაბამისად, ბევრი ცდუნებაცაა, შენი სახსრები არ მიმართო იქით, სადაც ვინმეს ან რამეს დააზიანებ. ფული კარგია, როცა მას მოიხმარ, და არა როცა ის მოგიხმარს."
კახი კალაძე ქველმოქმედების შესახებ:
„სამომავლოდ უკვე მოცულობითი საქველმოქმედო, სოციალური პროექტების განხორციელება მსურს. ასე რომ, ვფიქრობ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარები."
კახი კალაძე რელიგიისა და რწმენის შესახებ:
რწმენა არის შენივე მორალის ღერძი - გწამს სიკეთის, მადლიერების და სიყვარულის. ებრძვი ბოროტებას როგორც შეგიძლია და სადაც შეგიძლია. თვალს არ ხუჭავ უსამართლობაზე და დახმარების ხელს უწვდი ყველას და ყველგან. მორალთან ერთად რწმენაა შვება. როცა ცუდად ხარ, როცა გლოვობ, ან როცა ყოფა აუტანელი ხდება, რწმენას გამოჰყავხარ ამ მძიმე ფაზებიდან, რაც დასაბამიდანვე იყო ჩვენი რელიგია - სიყვარულისა და შვების სათავე.