უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში არსებული პრობლემების ფონზე ხელისუფლების მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ წერს:
„პრობლემები უამრავია, ამასთანავე:
საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო წლების განმავლობაში ზრდადია. თუ 2012 წელს საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მშპ 30.7 მილიარდს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 35.6 მილიარდია, ანუ გაიზარდა დაახლოვებით 16 პროცენტით.
იზრდება საერთაშორისო დოლარებში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8,002 საერთაშორისო დოლარი იყო, დღეს კი 9,630 საერთაშორისო დოლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საარსებო მინიმუმს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღიურად 2.5 საერთაშორისო დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 490 ათასი ადამიანით შემცირდა.
ამავე კვლევის მიხედვით, სიღარიბის შემცირების საფუძველი ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომა გახდა (და არა შემოსავლების გადანაწილება, მაგალითად: პენსიები და სოციალური დახმარება). ძირითადი წვლილი სიღარიბის დონის შემცირებაში დასაქმებამ და რეალური ხელფასის ზრდამ შეიტანა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წელია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი მცირდება და მიზეზი ამისა ყველასათვის ცნობილია. ამის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. 2004-2007 წლებშიც კი, როდესაც რეგიონში დიდი ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა, ეკონომიკური ზრდით საქართველოს სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები მნიშვნელოვნად უსწრებდნენ, დღეს კი რეგიონში უდაოდ მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ .
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.0%-ით, 2017 წელს 4.5%-ით, ხოლო 2018 წელს 5.0%-ით გაიზრდება. ასევე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 21 ქვეყნიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება."- აღნიშნავს ვოლსკი.