logo_geo
eng_logo
იაპ დე ჰოოპ სხეფერი: პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა
- +

24 იანვარი. 2022. 01:57

 

 

„პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო; ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა“, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

სხეფერმა, რომლის ხელმძღვანელობის დროს, 2008 ​წელს ნატო-მ ​განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები, აღნიშნა, რომ პუტინის მოთხოვნა დაპირების გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის „რევანშისტული ჯვაროსნული ლაშქრობის“ ცრუ საბაბი იყო.

 

„ის არის ბიჭი, რომლის სამყაროც დაინგრა 1989 წელს. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება“, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

 

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის შიგნით არსებული წინააღმდეგობის გამო, პროგნოზირებად მომავალში უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება და ეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროსაც ცნობილი იყო.

 

„პუტინი, რა თქმა უნდა, აღშფოთებული იყო ამ ფორმულირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც და დღემდე, მან ძალიან კარგად იცის, რომ ნატო და ამერიკელები არასოდეს აპირებენ რუსეთთან ომს უკრაინის გამო“, – აღნიშნა სხეფერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner