logo_geo
eng_logo
ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში პანდემიას ბოლო შეიძლება მოუღოს
- +

24 იანვარი. 2022. 02:14

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში პანდემიას ბოლო შეიძლება მოუღოს.

 

„საკმაოდ შესაძლებელია, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის“, - განაცხადა ჰანს კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, „ომიკრონმა“ მარტისთვის ევროპის რეგიონის მოსახლეობის 60% შეიძლება დააინფიციროს.

 

„როგორც კი „ომიკრონი“ შტამის ამჟამინდელი ტალღა შემცირდება, კვირებისა და თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი გაჩნდება, ან ვაქცინის წყალობით, ან იმის გამო, რომ ადამიანებს ინფიცირების შემდგომი იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ. ასე რომ, ჩვენ მოველით, რომ სიმშვიდის პერიოდი გვექნება. წლის ბოლოსთვის კორონავირუსი შეიძლება დაბრუნდეს, თუმცა ეს აუცილებლად პანდემიის დაბრუნებას არ ნიშნავს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

 

ჰანს კლუგემ ასევე ისაუბრა კორონავირუსის ენდემურობაზე და აღნიშნა, რომ ენდემური ნიშნავს, რომ წინასწარ შეგიძლია განსაზღვრო რა მოხდება, თუმცა კორონავირუსმა არაერთხელ გააოცა მსოფლიო, რის გამოც, სიფრთხილეა საჭირო.

 

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner