logo_geo
eng_logo
ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება
- +

24 იანვარი. 2022. 16:15

 

ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

„რუსეთის ტაქტიკა ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მათი ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანაა. ეს არის გამარჯვება, რომელიც რუსებს არ უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

 

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყოვლისმომცველი, აქამდე არნახული სანქციებით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. რუსეთმა უნდა იცოდეს, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ევროპაში საზღვრების შესაცვლელად პროვოკაციებისა და სამხედრო ძალის გამოყენების ფასი ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები, უფრო მკაცრი, ვიდრე 2014 წელს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა.

 

19 იანვარს, გაზეთ „Financial Times“-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner