„საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, რომ როდესაც ვიკვლევთ მტკიცებულებებს - თუნდაც ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ ხდება შეუძლოდ და თავს არიდებს სასამართლოზე გამოცხადებას“, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესებს სანახაობის მოსაწყობად იყენებს.
„მიხეილ სააკაშვილის სურვილი არასოდეს ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლოს სხდომებს, თორემ მტკიცებულებათა გამოკვლევასა და შინაარსობრივ მხარეში ის არ მონაწილეობს“, - განაცხადა წიკლაურმა.
7 ნოემბრის საქმეზე, დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები წარადგინეს.