„ევროკომისია უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოდის“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„გასულ პარასკევს პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული სიტუაცია შევაფასეთ. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას ამ რთულ ვითარებაში. დღეს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს ვაცხადებ, რომელიც როგორც გადაუდებელი სესხებისგან, ასევე გრანტებისგან შედგება. ევროკომისია უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული პაკეტი უკრაინას კონფლიქტით გამოწვეული დაფინანსების საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ პაკეტს რაც შეიძლება მალე მიიღებენ“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.