logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს არ დასცდენია ისეთი სიტყვა, როგორ რიტორიკასაც ოპონენტებისგან ვისმენთ, დღეს საქართველო ნატო-ში რომ შევიდეს, ესეც არ გაუხარდებათ
- +

24 იანვარი. 2022. 20:17

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისთვის მხარდაჭერის, სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „მოამბეში“ განაცხადა და საგარეო პოლიტიკური კურსით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

 

ზალკალიანმა უპასუხა ოპონენტებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ მათი განცხადებით, ხელისუფლება ისეთი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და აუცილებელია უფრო მეტი აქტიურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

 

„ხელისუფლებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. კიდევ რა გავაკეთოთ, რაც დაარწმუნებს ოპონენტებს ჩვენს თანმიმდევრულობაში. მინდა, შეგახსენოთ ის ნაბიჯები, რაც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გადაიდგა. ეს პროცესი გუშინ და დღეს ხომ არ დაწყებულა. 2021 წელს დაიწყო რუსეთის ფედერაციამ უკრაინის გარშემო სამხედრო შეიარაღების მობილიზაცია. მინდა, გაგახსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, ვიყავით ლვოვში, კიევში, გვქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო უკრაინის, ყირიმის პლატფორმას და იმ პლატფორმაში ძალიან ბევრმა ქვეყანამ მონაწილეობა ვერ გაბედა, მაგრამ საქართველო იყო იქ, ასევე მინდა, გაგახსენოთ პრემიერ-მინისტრის ძალიან მკაფიო განცხადებები, ასოცირებული ტრიოს ფორმატი და ამ ფორმატში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, დეკემბერში პრემიერ-მინისტრის გამოსვლები, ასევე ჩემი განცხადებები, რომელიც გაკეთდა ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და ნატო-ს მინისტერიალზე უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი დონის ფორმატი, დღეს ასევე მქონდა სატელეფონო საუბარი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ზალკალიანის თქმით, ოპონენტები საზოგადოებას აწვდიან აბსოლუტურად უსაფუძვლო და მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის მიმართ მავნებლური პოზიცია ჩამოაყალიბოს.

 

„ოპონენტები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ისინი არიან უფრო პატრიოტები, უფრო მეტად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლება თითქოს ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიმართ მავნებლური პოზიცია ჩამოაყალიბოს. თქვენ, საზოგადოებას ვეკითხებით, იმ ფონზე, რა აქტივობებიც ჩამოვთვალე, არის თუ არა ეს ძალიან სერიოზული, სოლიდური ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაზეა საუბარი, საუბარია ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე. სანამ უკრაინა იქნებოდა, 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ყოველდღე გვაქვს მავთულხლართები, ადამიანების გატაცება და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ მაქსიმალურ კონსოლიდაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ დასცდენია ისეთი სიტყვა, როგორ რიტორიკასაც ოპონენტებისგან ისმენს. ზალკალიანის განცხადებით, დღეს საქართველო ნატო-ში რომ შევიდეს, ოპონენტებს ესეც არ გაუხარდებათ, რადგან მათი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება.

 

„არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს სიტყვაც კი არ დასცდენია ისეთი, რა სიტყვებსაც და რიტორიკასაც ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. საზოგადოებამ განსაჯოს შავი და თეთრი, რა არის ის მწყობრი ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს ჩვენი ინტერესების გამოხატვის თვალსაზრისით და როგორ ცდილობენ ოპონენტები, ოპოზიცია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მე ხანდახან მიჩნდება იმის ეჭვი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს საქართველო ნატო-ში შეიყვანოს, ოპონენტებს ეს არ გაუხარდებათ, რადგან მათი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება ეს. ეს არის რაღაც ჯიბრში ყოფნა, რაღაცნაირად ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარი. ყოვლად მიუღებელია ის, როდესაც ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესები დგას სასწორზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner