logo_geo
eng_logo
მაიკლ კარპენტერი: არ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რა ზრახვები აქვთ კრემლში, თუმცა მათ მობილიზებული ჰყავთ ძალა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაზე დარტყმა, რაც შემაშფოთებელია
- +

25 იანვარი. 2022. 00:36

 

„მე არ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რა ზრახვები აქვთ კრემლში, თუმცა მათ ჰყავთ მობილიზებული ძალა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაზე დარტყმა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია“, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც რუსეთს თავდასხმა ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩვენ ვნახეთ რუსული სამხედრო ძალების დრამატული მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან. ჩვენ ვნახეთ მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, რაზეც იყო საუბარი მედიაში. ასევე, ვერტმფრენები და სხვა სახის სისტემები, რომლებიც გადაისროლეს უკრაინის საზღვრებთან. მე არ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რა ზრახვები აქვთ კრემლში, თუმცა მათ ჰყავთ მობილიზებული ძალა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაზე დარტყმა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია“, – აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.

 

მისივე თქმით, ეუთო-ს მონიტორინგის მისიის მუშაობა გარკვეულწილად პარალიზებულია.

 

„მათ ავიწროებენ და ხელს უშლიან მუშაობაში. კერძოდ, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებს რუსეთი და გადაადგილების თავისუფლება არ არის უზრუნველყოფილი, როგორც ეს მინსკის შეთანხმებაშია გაწერილი. ეს არის შემაშფოთებელი. ახლა დონეცკისა და ლუგანსკის იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, სიტუაცია არ არის მშვიდი, რადგან საარტილერიო ცეცხლს ხსნიან. ვითარება არ არის ისეთი ცუდი, როგორიც მანამდე იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინის საზღვრის კვეთისა და შეჭრისთვის. ჩვენ არ უნდა მოვეპყრათ დონეცკსა და ლუგანსკში არსებულ ვითარებას, როგორც მოვლენების სამომავლო განვითარების ინდიკატორს. ცხადია, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იქ არსებული სიტუაციის გამო, რადგან იქ ჰუმანიტარული ვითარება ძალიან რთულია“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

 

ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 28 იანვარს, საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner