რეფერენდუმის ჩატარების საკითხს ქორწინებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ რეფერენდუმი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ჩატარდეს:
„ცესკომ პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მიმართაო... ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის (რესპუბლიკელების გარდა) სურვილიც და ძალისხმევაც იყო ის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სწორედ პარლამენტს განეხორციელებინა. ბოლომდე მართალი რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ამ საქმეში თავისუფალი დემოკრატებიც ჩვენთან იყვნენ, სამწუხაროდ პარლამენტმა ეს ვერ მოახერხა, თუმცა სახალხო განხილვებზე, ყველგან ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დადებითი განწყობა რეფერენდუმისადმი, ამიტომ, როდესაც ეს მოთხოვნა უკვე 200 000 ხელმოწერითაა გამყარებული, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ამის ინიციატორი თუ ავტორი, ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს! ამის საჭიროებაში კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ათეულობით მომართვამ, წერილმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღე, როგორც ვიცესპიკერმა, იმ მოთხოვნით, რომ უკან გავითხოვოთ კონსტიტუციური კანონპროექტი და არ დავუშვათ სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვა ამ ცვლილებით. როგორც ჩანს, საქართველოს კონსტიტუცია უდავოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებასა და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე, რათა აშკარაა რისკი სამომავლოდ ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციებისა და შინაარსის იმგვარად წაკითხვის, როგორც არასოდეს უფიქრიათ და უგულისხმიათ კონსტიტუციის ავტორებს, თუ მაშინდელ კანონმდებლებს", - წერს მანანა კობახიძე.