დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აშშ-თან ერთად რუსეთის SWIFT-ის გლობალური გადახდების სისტემიდან გათიშვის შესაძლებლობას განიხილავს.
„რაც შეეხება SWIFT-სა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს, ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალიან ძლიერი იარაღი იქნება, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შეერთებული შტატების დახმარებით. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.