ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრებზე საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მისი ინფორმაციით, კომიტეტში შექმნილია თემატური მოკვლევის ჯგუფი - „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა“, რომელმაც მუშაობა დაიწყო.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით არის განსაზღვრული ყველა საჯარო დაწესებულების ვალდებულება, ყოველი წლის 10 დეკემბერს წარმოადგინონ ანგარიშები, რომელიც მათი დაწესებულების ფარგლებში ასახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ზოგად მდგომარებას. ამ ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა, შესაბამისად, გვაქვს კონსულტაციები როგორც პარტნიორ დაწესებულებებთან, ასევე ანგარიშვალდებულ დაწესებულებებთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.