logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: წავიდა და… დარჩა!
- +

25 იანვარი. 2022. 21:35

 

 

დღეს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა.

 

1928 წლის 25 იანვარს მოევლინა ქვეყანას მე-20 საუკუნის ქართული, სსრკ და მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე.

 

ასეა თუ ისე, იგი ისტორიის პირმშო და მისი კუთვნილებაა და ბანოჯის ორღობის თუ დანოღმილ-დაბოლილი უზნეო ტიპაჟის საჭორაო მას არაფერი ჭირს.

 

ერთი დღესავით ნათელია: ვინც, სად, როდესაც არ უნდა მოინდომოს ამ ეპოქის საქართველოს,სსრკ, კავკასიის ისტორიულ წიაღსვლებში სვლა თუ კვლევა, ვერ აცდება სამი ჩვენი თანამემამულის პიროვნებაზე საუბარს და შეფასებებს: სტალინი, ბერია, შევარდნაძე!!!!

 

ერთი პაწია პუბლიკაციით მინდა აღვნიშნო ეს დღე. უწინარესად, ოსტატური ფოტოსურათის გამო. მრავლისმეტყველია: წავიდა და… დარჩა!

 

ასეა ეს!

 

******************

 

შევარდნაძე წავიდა და... დარჩა

 

სამი წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე, დამოუკიდებელი საქართველოს მეორე პრეზიდენტი.  ის ახლა ისტორიის კუთვნილებაა და მისი მოღვაწეობის ობიექტური და საფუძვლიანი შეფასების მომენტი ჯერ კიდევ არ დამდგარა.

 

დრო არის საჭირო, დრო, რომელიც ყველაფერს და ყველას, როგორც წესი, თავის დამსახურებულ ადგილს მიუჩენს.

 

მანამდე კი, ვიხსენებ შევარდნაძის "წასვლას", რაც "რეპორტიორმა" სულ პატარა წერილით და მრავლისმეტყველი ფოტოთი აღნიშნა. ასევე, "რეპორტიორის" მეგობრებს ვურჩევ ნახონ "ნეო-სტუდიაში" შექმნილი ფილმი - "წამი... წამება... წამიერება". ღირს ამ ფილმის ნახვა.

 

რაც შეეხება ამ ფოტოს, მას დიდი ხნის ისტორია არა აქვს. იგი კრწანისის რეზიდენციაშია გადაღებული, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე...

 

ინტერვიუ დავამთავრეთ. შეუძლოდ მყოფმა მასპინძელმა არ უღალატა ჩვევას და კარებამდე მაინც მოგვაცილა, გამოგვემშვიდობა, შეტრიალდა და... თემაც მოულოდნელად დაიბადა: "შევარდნაძე მიდის!"

 

ამ კადრს პროფესიონალი  კაცი ხელიდან  არ გაუშვებდა. ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი  ფოტოაპარატთან განუყრელად „მეგობრობს“. ჰოდა, „ვითარების“ ეს მოულოდნელი საჩუქარი მამაცაშვილმა ოსტატურად  გამოიყენა და შევარდნაძის „წასვლის“ თემა ამ კადრით განივთდა...

 

მაშინ არ გამოვაქვეყნეთ, არ გვინდოდა ამ კადრისთვის სიმბოლური დატვირთვა მიგვეცა. მერე კი, „რეპორტიორის“ საიტზე იხილა მზის სინათლე ამ "მეტყველმა" ფოტომ.

 

...შევარდნაძისთვის „წასვლა“ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სხვათაშორის... მოსვლაც!

 

და მისი, როგორც პოლიტიკოსის  „წასვლა-მოსვლა“ყოველთვის საკუთარი სურვილთან არ იყო დაკავშირებული. "ვითარება" ნებსით თუ უნებლიედ ქმნიდა არა მარტო შესაბამის ატმოსფეროს, არამედ "წასვლ-გაშვების" ფორმა-მეთოდსაც, ყველა ეპოქა თავისი დამახასიათებელი  მეთოდით იშორებდა თავიდან ამ კაცს; ზოგჯერ, თავად ინტუიცია აიძულებდა დაესწრო მოვლენისათვის, როცა იძულებით უნდოდათ „გაშვება“, თანაც ისე, ეფექტიანად დგამდა ამ „სპექტაკლს“ (გავიხსენოთ სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მისი გადადგომა), რომ... პოლიტიკურ სცენაზე მისი დაბრუნება გარდუვალი იყო.

 

დაბრუნების ფორმაც ეპოქების შესატყვისი(!) გახლდათ და... ყველაფერი იწყებოდა თავიდან. მაგრამ, ბოლო წასვლამ - იძულებულმა, სხვის მიერ დადგმულმა "სპექტაკლმა" ტრადიცია დაარღვია. უღალატეს არა მარტო " მის მიერ წამოჩიტებულმა "ბიჭებმა", არამედ საკუთარმა, ლეგენდადქცეულმა  ინტუიციამაც (რომელიც, ალბათ, მოადუნა ასაკმა და თვითდაჯერებულობამ)  და „ძველ-ახალმა“ მეგობრებმა (რომელთა ერთგულება-მხარდაჭერას ცოტა გადაჭარბებულად აფასებდა და რომლებისთვისას გეოპოლიტიკური თუ სხვა „ინტერესები“ ყოველთვის უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ადამაინური ურთიერთობები). ერთი სიტყვით, აქტიურ პოლიტიკიდან მის საბოლოოდ  გასაშვებად, „ვარდების რევოლუციის“ მოწყობა გახდა საჭირო.

 

მოვა დრო, ფარდა აეხდება ყველა საიდუმლოს, რომლებიც  დაკავშირებულია არა მარტო ამ  სახელმწიფო გადატრიალებასთან, რომელიც შეიფუთა  უფრო კეთილშობილური ჟღერადობის  "ვარდების რევოლუციის" სახელით, არამედ  საქართველოს უახლეს, ბოლო 20-30  წლის მანძილზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან (სამხედრო პუტჩი, სამოქალაქო ომი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მკვლელობები და სხვ,) ასევე,  „ფარდის ახდასთან“ პირდაპირ იქნება  დაკავშირებული ობიექტურობა(!) და სიღრმე(!) შევარდნაძის, როგორც პოლიტიკური ლიდერის მოღვაწეობის შეფასებაც. ბუნებრივია, ამ შეფასებაში იქნება ბევრი დადებითიც და  არანაკლები ნეგატივიც.

 

ეს გარდუვალია!

 

ისევე, როგორც გარდუვალია ქართული პოლიტიკური (და არა მარტო) ტრადიცია ყველა და ყველაფერი ამოვსვაროთ ტალახში... მეოცე საუკუნის არცერთი პოლიტიკური ლიდერი თუ თვალსაჩინო მოღვაწე არ დარჩენილა შეურაცხმყოფელი „იარლიყის“ გარეშე. არცერთი! გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც შევარდნაძეა.

 

„ვარდების რევოლუციის“ ბელადებმა და აქტივისტებმა (ისევე, როგორც საზოგადოების სხვადასხვა პოლიტიკური შეფერილობის ჯგუფებმა),  არ დააკლეს „მგელ ტოტიას“ ლანძღვა-გინება, ქილიკი (რაც არც დღესაა იშვიათობა),  მაგრამ... ვერც  აკაკის „გამზრდელი“ წააკითხეს განმეორებით და  ვერც მისი გაჩუმება მოახერხეს.  ის ყოველკვირეულად ესაუბრებოდა დაინტერესებულ საზოგადოებას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან, რამდენიმე წიგნიც გამოუშვა, უმასპინძძლა ბევრ უცხოელ პოლიტიკოსს თუ ჟურნალისტს, რომელთა ინტერესი პენსიაზე მყოფი ამ „პოლიტიკური დინოზავრისადმი“ სიცოცხლის ბოლომდე არ განელებულა.

 

მაგრამ, დრო თავისას შვება და... შევარდნაძეც წავიდა! სამუდამოდ!..

მაშინ ბევრს ეწყინა და არ დაიშურა თბილი სიტყვა! გასაცილებლად და პატივის მისაგებად ისინიც კი ჩამოვიდნენ, ვინც... გაწირა!  არცთუ ცოტა-ავყიაობდა მაშინაც და ახლაც! ეს პროცესი კვლავაც დიდხანს გაგრძელდება.

 

პოლიტიკისთვის ეს პროცესი უცხო არ არის,  როგორც ფრანგები იტყვიან, "სე ლა ვი!" დიახ, მართლაც "ასეთია ცხოვრება", მით უმეტეს, ისეთი რანგის პოლიტიკოსისთვის, როგორიც "შევი" იყო: არც ქება, არც ლანძღვა, არც ნეიტრალიტეტი არაფერს შეცვლის! რაც იყო-იყო!

 

და მიუხედავად არაერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული ჩავარდნა-შეცდომისა, "მამათელი ბიჭის" გრძელ და საინტერესო გზაზე იყო ისეთი წარმატებები, რომ მის პიროვნებას, მისი მონაწილეობით გადაჭრილ საერთაშორისო მაშტაბის პრობლემებს, მის სახელთან დაკავშირებულ მსოფლიო მოვლენებს გვერდს ვერ აუვლის ვერცერთი ობიექტური (!) მკვლევარი. შესასწავლი და გამოსამზეურებელი კი ცოტა როდია. მასალაც უამრავი, არქივი...

 

და რა გასაკვირია, თუ მეოცე საუკუნის მსოფლიოს, ისევე როგორც კავკასიის რეგიონის ისტორია, ქართული გვარ-სახელის მქონე გამორჩეულ პოლიტიკოსთა შორის სტალინთან, ბერიასთან, გამსახურდიასთან ერთად, უყოყმანოდ დაასახელებს ედუარდ შევარდნაძეს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner