logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს
- +

25 იანვარი. 2022. 22:40

 

 

„ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

 

„ძლიერი შეკავება საუკეთესო გზაა ნატოს ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ნატო რუსეთს წერილობით წინადადებას გაუგზავნის, რათა შეეცადოს წინსვლის გზა გამონახოს.

 

„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობა, რისკის შემცირების მექანიზმები და სხვა საკითხები, რომელიც აქტუალურია ევროპის უსაფრთხოებისთვის და ასევე მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

24 იანვარს, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner