უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. არის სროლა, არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევები, ჩვენს საზღვრებთან მდგარი სამხედროები არსად გამქრალან, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არ გვყავს დაჭრილები და გარდაცვლილები. ხვალ გაიმართება „ნორმანდიული ფორმატის“ მრჩეველების შეხვედრა. ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს ოთხი პრეზიდენტის შეხვედრა, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. არ ვუყურებთ სამყაროს ვარდისფერი სათვალით და არც ბავშვური ილუზიებით ვართ შეპყრობილები, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს და უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს. ის, რომ ზოგიერთ ქვეყნებს უკრაინიდან დიპლომატების ნაწილი გაჰყავთ, საერთოდ არ ნიშნავს გარდაუვალ ესკალაციას, არამედ დიპლომატიური თამაშების ნაწილს წარმოადგენს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.