logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს
- +

25 იანვარი. 2022. 23:21

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერას და კვლავ დაადასტურეს თავიანთი პოზიცია, რომ რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის, თუ უკრაინას დაესხმება თავს.

 

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს გაიმართება.

 

24 იანვარს, გამოცემა Le Figaro-მ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ემანუელ მაკრონი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის სივრცე არსებობს.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner