აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ხედავს თუ არა ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.
„თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, ამას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. რუსეთისთვის ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს, არამედ უზარმაზარი შედეგები მთელ მსოფლიოშიც დადგება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი შეჭრა იქნება.
24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.