logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა - რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა
- +

26 იანვარი. 2022. 01:15

 

 

„რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

 

„ეს კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა. რუსეთი წლების განმავლობაში ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა. ეს ჩვენს სამეზობლოში და ევროკავშირის შიგნით რუსეთის მიერ დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების აგრესიული გამოყენების ფონზე ხდება“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

მისი თქმით, არსებული კრიზისი ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის უსაფრთხოების წესრიგსაც.

 

„რუსეთი ცდილობს დროის უკან დაბრუნებას და გავლენის სფეროების აღდგენას. ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს არ არის კონცეფცია, რომელიც ამ საუკუნეს ეკუთვნის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ორი პრიორიტეტი აქვს - დიპლომატია და შეკავება.

 

„ჩვენ ძლიერ სანქციებს ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს გადაწყვეტს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პასუხის ბუნება რუსეთის არჩევანის ბუნებას უნდა შეესაბამებოდეს“, - განაცხადა მან.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner