logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება
- +

26 იანვარი. 2022. 12:54

 

„თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

 

„ჩვენ რუსეთს მკაფიოდ განვუცხადეთ, თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვება შემდგომ აგრესიულ ქმედებებს. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ასევე ავუხსენით ბელარუსს, რომ თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება. თუ შეჭრა ბელარუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მათ ტერიტორიაზე მუდმივ საფუძველზე განლაგდებიან, NATO-ს ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩვენი ძალების განლაგების გადახედვა მოუწევს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner