საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გახმოვანდა მკაფიო გზავნილები საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ და აღინიშნა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი.
„ჩვენ მივიღეთ სამი ძირითადი გზავნილი, რომელიც საკმაოდ მკაფიო იყო. პირველი, რომ საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს შეეხება, საქართველო მუდმივად იქნება ჩართული პროცესში. მეორე იყო ის, რომ NATO არ შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას, და NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთიანია ამ სულისკვეთების მიმართ და შესაბამისად, არანაირი დათმობა ამ მხრივ NATO-ს მხრიდან არ იქნება და მესამე, მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი“ ,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მუშავდება NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ეთხოვა მიიღოს მონაწილეობა ახალი დოკუმენტის შექმნაში და საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წარადგინოს, რომელიც შემდეგ მოკავშირეების მხრიდან იქნება გაზიარებული.
„ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან მოვიღეთ. მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და სავარაუდოდ, მადრიდის სამიტამდე ასევე გაიმართება მაღალი დონის ვიზიტიც საქართველოში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.