logo_geo
eng_logo
გია მურღულია: გადავწყვიტე, დავაფუძნო სასწავლო დაწესებულება „გია მურღულიას ჰუმანიტარული აკადემია"
- +

27 იანვარი. 2022. 00:45

 

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში სასწავლო დაწესებულების დაფუძნებას აანონსებს:

„გადავწყვიტე, დავაფუძნო სასწავლო დაწესებულება „გია მურღულიას ჰუმანიტარული აკადემია".

ეს იქნება სივრცე, სადაც ბავშვებსაც (14 წლის ასაკიდან) და ზრდასრულებსაც შესაძლებლობა მიეცემათ საინტერესონი გახდნენ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვისაც, ეზიარონ კულტურულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, გაეცნონ შესანიშნავ და საკაცობრიოდ აღიარებულ ტექსტებს, ნახატებს, მუსიკალურ კომპოზიციებს, ფილმებს, შეხვდნენ და მოუსმინონ ჰუმანიტარული სფეროს გამორჩეულ ადამიანებს.

ეს არ იქნება მხოლოდ მონოლოგი - აკადემიის მთავარი საფიქრალი დიალოგი უნდა იყოს.

ამ სივრცის მიზანი იქნება კულტურული ადამიანის ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლება ორიგინალური და კომპლექსური, ასევე კონტექსტური აზროვნება, ექნება დახვეწილი გემოვნება, მოვლენათა, ხელოვნების ნიმუშთა და ადამიანთა აღქმისა და შეფასების, ასევე - ჩამოყალიბებული აზრისა თუ განწყობის სრულფასოვანი გამოხატვის უნარი.

რა თქმა უნდა, ასეთი აკადემიის შექმნა სათანადოდ ორგანიზებულ სივრცეს, ტექნიკურ უზრუნველყოფას, ბევრ დაფიქრებას, რესურსებსა და გარჯას მოითხოვს. შესაძლოა პარტნიორობის სურვილიც დაიბადოს და განხორციელდეს კიდეც - წინადადებებისთვის კარი ღიაა. არ არის გამორიცხული, საქართველოს რამდენიმე რეგიონში აკადემიის ფილიალიც გაიხსნას.

დღეისთვის მზად მაქვს შესაბამისი პროგრამები და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა აეწყოს სასწავლო პროცესი.

იმედი მაქვს, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, საორგანიზაციო საქმეებს მალე მოვილევ და გამოვაცხადებ პირველი ჯგუფების მიღებას.

როგორც რომაელები ამბობდნენ,  ნელა ვიჩქარებთ.

შეხვედრამდე, მეგობრებო - წინ ბევრი საინტერესო და სასარგებლო დღე გველის.

ადამიანის სრულყოფას ხომ საზღვარი არ აქვს“, - წერს გია მურღულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner