არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე.
„პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ნუგზარ ბაქრაძის და კახაბერ ბაკაშვილის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, 48 საათის განმავლობაში. პროკურორებმა მიუთითეს როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე. სასამართლო ეთანხმება, რომ არსებობს საფრთხეები და მოსალოდნელი სასჯელის შიშით შესაძლოა, მიემალონ სასამართლოს. სრულიად უმიზეზოდ იქნა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეუძლიათ, მოწმეებზე ზემოქმედება, ეს საფრთხეები არსებობს“, – განაცხადა პროცესზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ.
ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს ითხოვდნენ. არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაკავებული პატრულ-ინსპექტორის ნუგზარ ბაქრაძის ადვოკატი 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, მეორე ბრალდებულის კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას. ადვოკატის თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი, არ არის მძიმე კატეგორიის დანაშაული.
წინასასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს ბრალი.